საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეების მცდელობა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი მიიღონ, ფუჭია, რამდენადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული - საგარეო საქმეთა სამინისტრო

     საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად, შესაბამისად, მცირეა იმის შანსი, რომ საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყანაში თავშესაფარი მიიღოს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოუწოდებს მოქალაქეებს, კარგად დაფიქრდნენ იმ სიკეთეზე, რაც ქვეყანას აქვს და იმ ზიანზე, რომელიც მათმა ქმედებამ შეიძლება საზოგადოებას მიაყენოს.
ფუჭია მცდელობა, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფარის მოთხოვნით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული. იგივე ისლანდიაში ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რომ ისლანდიას საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა და ამის შემდეგ იქ იკლო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ. აქტიურად ვმოქმედებთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთანაც. მინდა, მივმართო იმ მოქალაქეებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ გერმანიაში წასვლა: მათი სურვილი და მცდელობა, რომ იპოვონ თავშესაფარი, ფუჭია, რადგან საქართველო გერმანიაშიც უსაფრთხო ქვეყნად განიხილება. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რასაც თავისუფალი გადაადგილება ჰქვია. ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი ევროინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.