აქტუალური
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჯეიმს მეტისისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

     საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა უაითმა განაცხადა, თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას. შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, თავდაცვის მდივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მონაწილეობას ავღანეთში, აშშ-სა და ნატოს ძალების გვერდით, როგორც ნატოს არაწევრ უმსხვილეს კონტრიბუტორს.
უაითის თქმით, ჯეიმს მეტისმა აღნიშნა, რომ ეს სამსახური საქართველოს 32 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე და 290 დაშავებული დაუჯდა.
მეტისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. თავდაცვის მდივანმა განიხილა საქართველოს მიერ თავდაცვის რეფორმებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი აშშ-ის დახმარება, ასევე პარტნიორობა საბრძოლო მზადყოფნისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში.