საზოგადოება
აშშ-ს, რუსეთის შეკავების ნიღაბქვეშ, ევროპაში საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გატარება სურს - სერგეი ლავროვი

     საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ვაშინგტონს ევროპაში მოსკოვის შეკავებით შენიღბული ეკონომიკური ინტერესების წინ წაწევა სურს, ხოლო სანქციური სპირალი, რომლის წამომწყებიც აშშ-ია, რფ-ის და გერმანიის საქმიან თანამშრომლობას ხელს უშლის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთისა და გერმანიის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შეხვედრაზე განაცხადა მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის მიმდინარეობისას.
„გვესმის, რომ საქმიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ძირითად დაბრკოლებად იქცა ის სანქციური სპირალი, რომლის წამომწყებიც აშშ გახლავთ... გვესმის, რომ აქ ეკონომიკური ინტერესები იკვეთება და ამერიკელები არ მალავენ, რომ რუსეთის შეკავების საფარქვეშ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გატარება სურთ“, - აღნიშნა ლავროვმა.
მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი მომხრეა, რუსეთის ფედერაციისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ურთიერთობა, „მთელი რიგი პოლიტიკური პრობლემების მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომის მიუხედავად, როგორც გერმანიის, ისე რუსეთის რეალურ ძირეულ ინტერესებს ეფუძნებოდეს“. „ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიზნესმა, გერმანული ბიზნესის ჩათვლით, რუსეთში თავი კომფორტულად იგრძნოს“, - განაცხადა მინისტრმა.