აქტუალური
სერგეი ლავროვი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას სურს, ეს ფორმატი რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს

     საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას სურს, ეს ფორმატი რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს, – ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საკითხზე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის შეკითხვას.
ევროპარლამენტარმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე სერგეი ლავროვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე გამოთქმული მოსაზრება შეახსენა, სადაც ლავროვი ამ ფორმატს მეზობელი ქვეყნისთვის რუსეთის ალტერნატივად აფასებდა.
მაიკლ გალერის თქმით, ექვს ქვეყანას შორის, აზერბაიჯანსა და ბელარუსს ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე ხელმოწერა ამ დრომდე არ სურთ, სომხეთთან კი, რუსეთის ძლიერი გავლენიდან გამომდინარე, ევროკავშირი იძულებული გახდა, შედარებით დაბალი დონის ეკონომიკური ხელშეკრულება განეხილა.
ევროპარლამენტარმა იკითხა, ეთანხმება თუ არა რუსული მხარე იმ მოსაზრებას, რომ ევროგაერთიანებამ ნამდვილად ამ ქვეყნების ჭეშმარიტ სურვილზე დაყრდნობით იმოქმედა და მათთვის არაფერი დაუძალებია.
დაახლოებით ასე იგონებენ რუსულ საფრთხეს. თქვენ დასვით კითხვა, თითქოსდა ჩემი მტკიცებით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩამოყალიბდა მასში შემავალი ქვეყნების რუსეთისგან მოსაწყვეტად, მე კი ვთქვი, რომ როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ყალიბდებოდა, გვარწმუნებდნენ, რომ იგი რუსეთის წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული, ვიმედოვნებდი, რომ ეს პირობა შესრულდებოდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას კი ნამდვილად სურს ამ ფორმატის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება“, – აღნიშნა ლავროვმა.