პოლიტიკა
საქართველო ნატოში არ შევა, თქვენ ნატოს წევრობის გზაზე არ დგახართ, ეს საკითხი დახურულია! - სერგეი კარაგანოვი

     საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს რუსმა ექსპერტმა, რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი კარაგანოვმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით რუსეთი საკუთარ ინტერესებს იცავს. კარაგანოვის განმარტებით, რუსეთი არ ერევა საქართველოს ევროპულ ასოცირებაში, მაგრამ არის პრინციპული საკითხები, რასაც არ დათმობს.
თუკი თქვენ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ წახვალ, ეს თქვენი არჩევანია. თქვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ და შეგიძლიათ, ყველაფერი აკეთოთ, რაც თავში მოგივათ”, - განაცხადა რუსმა ექპერტმა და მაგალითად ბალტიის ქვეყნები მოიყვანა, რომლებმაც, მისი აზრით, ნატოში გაწევრიანებით შეცდომა დაუშვეს და ამის გამო რუსეთისა და ალიანსის დაპირისპირების წინა ხაზზე აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება საქართველო-ნატოს ურთიერთობას, კარაგანოვის განცხადებით, რუსეთს მიაჩნია, რომ ეს კავშირი მისთვის საფრთხის შემცველია. რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ არ აპირებთ ნატოში გაწევრიანებას. ალიანსის წევრობის სურვილით თქვენ საკუთარ თავს თვითონ უქმნით საფრთხეს”, – განაცხადა სერგეი კარაგანოვმა.