პოლიტიკა
საბოლოოდ 29 წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად, რომ ნატოს შემოუერთდეს - გენერალური მდივანი სტოლტენბერგი

     საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველო ნატოს მაღალი რანგის პარტნიორია და ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ალიანსის წევრობისთვის, -ასეთი კომენტარი გაუკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლიუკ კოფის მოხსენების მე-5 რეკომენდაციას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შესვლას ალიანსში მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წესდების მე-5 და მე-6 მუხლების ამოქმედების გარეშე. ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სასწავლო ცენტრი საქართველოში და სხვა მიმართულებითაც განვაგრძობთ მხარდაჭრას. ჩვენ შევაქეთ საქართველო ნატოს წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესისთვის, ასევე, რეფორმების იმპლემენტაციისთვის. საბოლოოდ კი 29 წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად, რომ ალიანსს შემოუერთდეს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
პირველი არხის ჟურნალისტმა ნატოს გენერალურ მდივანს ჰკითხა - შესაძლებელია თუ არა ქვეყნის შესვლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მეხუთე მუხლის ამოქმედების გარეშე, როგორც ეს Heritage Foundation-ის ანგარიშში იყო აღნიშნული? იენს სტოლტენბერგმა ამაზე უპასუხა, რომ მეხუთე მუხლი ნატოს მთავარი ძალაა.
წევრობა მოიცავს მეხუთე მუხლს და ეს მთავარია ალიანსისთვის. ჩვენ ვეფუძნებით მიდგომას, რომ დავიცავთ ერთმანეთს, ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის, მაგრამ საქართველოც კი, არაწევრი ქვეყანა, ახლა ჩვენი ძალიან ახლო პარტნიორია, საქართველოში ნატო უკვე ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი და ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს სხვა ბევრ კონტრიბუციას, არა მხოლოდ ავღანეთში”, -განუცხადა პირველ არხს ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ვერანაირ პირდაპირ საფრთხეს ვერ ხედავს, მაგრამ რუსეთის აგრესია სხვა სახელმწიფოებში შეინიშნება. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების წინააღმდეგ, უკრაინაში. ასევე, ყავს სამხედროები საქართველოში, მოლდოვაში. ამიტომაც ჩვენ ვახდენთ რეაგირებას პროპორციული გზით, ათა აღმოვფხვრათ ახალი ცივი ომი. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას რუსეთთან დიალოგისთვის”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.