საზოგადოება
მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს: ნუ გავწირავთ იმ ისტორიულ მიღწევას, რასაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქვია - თეა წულუკიანი

     საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქე არაკეთილსინდისიერად იყენებს იმ უდიდეს მიღწევას, რასაც შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჰქვია, – ასე ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გერმანიიდან საქართველოს 19 მოქალაქის გამობრუნებას, რომლებმაც სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარეს.
მინისტრის ვარაუდით, მათ მესაზღვრეები ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ შენგენის სივრცეში შეღწევას კეთილი მიზნებისთვის ცდილობდნენ.
შემიძლია, ვივარაუდო, რომ გამობრუნებული პირები სწორედ იმ მიზეზით არიან გამობრუნებული, რომ მათ გერმანელი თუ სხვა ევროპელი მესაზღვრეები ვერ დაარწმუნეს, რომ კეთილი მიზნებისთვის ცდილობდნენ შენგენის სივრცეში შეღწევას“, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ქვეყნის უდიდეს მონაპოვარს – ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას.
შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომ ნუ გავწირავთ ქვეყნის უდიდეს მიღწევას, მე ვიტყოდი, ისტორიულ მიღწევას, რასაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქვია. მოვუფრთხილდეთ, რადგან ასეთი მიღწევები მრავალი თაობის შრომის შედეგია და ჩვენი ქვეყნის ხელის წამოკვრით ნუ მოვეპყრობით ძალიან დიდ წარმატებას. მე ეს ადრეც ვთქვი და ჩემთვის გაუგებარი კრიტიკა დავიმსახურე, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ადამიანის ქცევამ შეიძლება მოიტანოს-მეთქი ქვეყნისთვის არასასურველი შედეგი. დღევანდელი ახალი ამბავიც ამას ადასტურებს. მათ შორის, გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური ხელისუფლებისადმი მიმართვები, რომ მათ აქვთ იმის აღქმა, საქართველოს მოქალაქეები კარგად არ იქცევიან და, შესაბამისად, შეიძლება გარკვეული ზომების მიღებაც მოითხოვონ. ამიტომ გავფრთხილდეთ და დავიცვათ ის კანონი, რომელი ქვეყნის სივრცეში შეღწევასაც ვცდილობთ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.