საზოგადოება
„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რეგისტრაცია მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აქვს - ალანიის ეპარქიას ექვსი სამრევლოთი“ - განაცხადეს ცხინვალში და იეღოვას მოწმეები აკრძალეს

     საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ოთხშაბათს სხდომაზე მოიწონა შესწორებები კანონში „ექსტრემისტული საქმიანობისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“.
„შესწორებები შეეხება სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სათავეში ედგნენ სასამართლოს მიერ ექსტრემისტულად აღიარებულ ორგანიზაციებს - მათ ათი წლით ჩამოერთმევათ ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ან წევრობის უფლება. კანონში ცვლილებები აუცილებელია ექსტრემისტული საქმიანობისთვის წინააღმდეგობის გაწევის მექანიზმების სრულყოფისთვის, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი ზალინა ლალიევა, - ჯერჯერობით სამხრეთ ოსეთში ექსტრემისტულად აღიარებულია მხოლოდ ერთი ორგანიზაცია - გასული წლის ოქტომბერში უმაღლესმა სასამართლომ ასეთად იეღოვას მოწმეები ცნო“.
„იუსტიციის სამინისტროში რელიგიური სექტები რეგისტრირებული არ არის, მაგრამ ერთ-ერთი მათგანის საქმიანობა სასამართლოს მიერ აღიარებულია, როგორც ექსტრემისტული. რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაცია მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აქვს - ალანიის ეპარქიას ექვსი სამრევლოთი“,
- განაცხადა ლალიევამ.