საზოგადოება
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა ეკლესიისა და ერის განვითარების - მეუფე შიო

     საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ (მუჯირი) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობებზე რელიგიასა და საზოგადოებას შორის, რაც უპირველეს ყოვლისა, ალბათ, გულისხმობს აზროვნების სფეროს ჩვენი ქვეყნისა, რისი განვითარებაც დამოუკიდებელი ეკლესიისა და ავტოკეფალიის გარეშე შეუძლებელია. პირველ რიგში, ჩვენ ვფიქრობთ დღეს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის როლზე და დამსახურებაზე ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მას. ეს ერთ-ერთი უმთავრესი თემაა, რასაც დღეს ეძღვნება კონფერენცია. ეს არის თანამედროვე გამოწვევები, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ცნობიერება ერისა, ჩვენი სულიერი ღირებულებები თანამედროვე ეპოქაში, გლობალიზაციის ეპოქაში და პოსტმოდერნისტულ ეპოქაში“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
პატრიარქის თანამოსაყდრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი თეზისი დღევანდელ პოსტმოდერნისტულ ფილოსოფიაში არის უარის თქმა იერარქიულობაზე, რამეთუ ეს ითვლება გარკვეულ დიქტატურად. ადამიანი საკუთარ გონებასაც რომ ემორჩილება, ესეც კი ითვლება გარკვეულ ვერტიკალურ ღირებულებად, რაც მიუღებელი უნდა იყოს და რაც თრგუნავს თავისუფლებას. აქამდეც კი მიდის გარკვეული თანამედროვე აზროვნების მიმართულება, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო და უფრო მეტ ძალას იკრეფს. ასევე უმთავრესია სეკულარიზაციისა და დესაკრალიზაციის თემა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ყველა საზოგადოებრივ დარგში. დესაკრალიზაცია ითვლება აუცილებელ პირობად, მაგრამ რეალურად ჩვენი ერი თავისი აზროვნებით არის იდეალისტი ერი. ჩვენთვის ყოველთვის პირველადია იდეა“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მისი თქმით, ჩვენი სახელმწიფო და ერი ჩამოყალიბდა, როგორც ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი ერი და ის თანამემამულეები, რომლებიც არ არიან ქრისტიანები, მათი აზროვნებაც ტრადიციულ ღირებულებებს ეფუძნება.
ეს არის სწორედ იდეალისტური ღირებულებები. ამიტომ თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ერისთვის და დღევანდელი კონფერენციის მიზანია, ვიფიქროთ, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირებულებების საფუძველზე. ყოფილიყოს საწინდარი ჩვენი ერის კიდევ წინსვლისა და გამარჯვებებისა“, – განაცხადა ილია მეორის თანამოსაყდრემ.