საზოგადოება
ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად - ირაკლი კობახიძე

     საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ეკლესიის ისტორია ასახავს ჩვენი ერის ბრძოლისა და გამარჯვებების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომლის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრებასიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.
ეკლესია ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში და ქართველი სასულიერო პირები ყოველთვის იდგნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდებში ჩნდებოდნენ გმირი მამები, რომლებიც საერო პირების მხარდამხარ იბრძოდნენ და ხშირად კი სწორედ ისინი იყვნენ ლიდერები იმ ბრძოლაში, რომელმაც დღემდე მოგვატანინა საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ყველას გვახსოვს საქართველოს ისტორია და ვიცით, რომ ქართველმა მეფეებმა სწორედ ეკლესიისა და ქრისტიანული ღირებულებების ირგვლივ გააერთიანეს ქართული სახელმწიფო. ეს კარგად იცოდნენ საქართველოს მტრებმაც. სწორედ ამიტომ იყო, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ხელყოფისა და ერის წელში გატეხვის მცდელობა ყოველთვის ეკლესიასთან ბრძოლით იწყებოდა. ასე მოხდა ორი საუკუნის წინაც. 1811 წელს რუსეთის იმპერატორმა, კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონის უხეში ხელყოფით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. 106 წლის განმავლობაში ერმა სულიერი წინამძღოლისკათალიკოს-პატრიარქის გარეშე იცხოვრა, ხოლო ქართული ეკლესია, კანონიკური სამართლის დარღვევით, რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ შედეგი 106 წლის შემდეგ გამოიღო”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ათწლეულების მანძილზე ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამოქმედებული საბჭოური მანქანით ქართული ეკლესია-მონასტრების დახურვის, სიწმინდეების ქვეყნიდან გატანისა და ქართული სამღვდელოების მიმართ რეპრესიების წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლებიამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III, ეფრემ II- და სხვა წმინდა მამები. შეუფასებელია მათი დამსახურება და ღვაწლი ჩვენი ერისა და სარწმუნოების წინაშე. ეს ადამიანები არიან ჩვენი ეროვნული სიმდიდრე და ეროვნული სიამაყის განსაკუთრებული მიზეზი... სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II- დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად სცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ჩვენი წინაპრების ხანგრძლივი ბრძოლა ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად საბოლოოდ გამარჯვებით დაგვირგვინდა”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებითა და მოღვაწეობით, მან დაამტკიცა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება მისთვის ყველაზე ძვირფასისსარწმუნოების დათმობას. უწმინდესმა დაამტკიცა, რომ ბრძოლა ყველაზე წმინდა, მამულიშვილური მიზნისთვის ყოველთვის გამარჯვებით მთავრდება. მინდა, ამისთვის, როგორც ქართველმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ქედი მოვიხარო უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ეკლესიის ისტორია ასახავს ჩვენი ერის ბრძოლისა და გამარჯვებების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომლის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. დღეს სწორედ ჩვენი წინაპრების - მამებისა და საზოგადო მოღვაწეების დამსახურებით ვართ აქ. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის გაიღეს. წარსულის დავიწყებით უკეთეს აწმყოსა და მომავალს ვერ შევქმნით. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ერის წიაღიდან იშვნენ გმირები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენამდე მოიტანეს ყველაზე წმინდა: მამული, ენა და სარწმუნოება და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გმირები კვლავ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1tv.ge