თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს ღია წერილით მიმართეს
აქტუალური
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს ღია წერილით მიმართეს

     საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ა.წ. 5 თებერვლის მიმართვის ტექსტს, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ:
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო! მოგმართავთ ღრმა პატივისცემით, კეთილკრძალულებითი მოწიწებითა და შვილობრივი სიყვარულით, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული და გულნატკენი წევრები, ქრისტეში სულიწმიდით ნაშობნი და მისით ნასაზრდოებნი!
გულდაწყვეტით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს სასულიერო სასწავლებელში, კერძოდ, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, რომელიც სამღვდელო თუ სამეცნიერო კადრების მომზადების ფორმალურ წიაღს წარმოადგენს, უმძიმესი მდგომარეობაა. რიგ პრობლემათა სიმწვავის გამო თავს მოვალედ ვთვლით, მოგმართოთ რეაგირებისათვის მამობრივი მზრუნველობით განმსჭვალულ იერარქებს და გვაქვს თქვენი გულისხმიერების იმედი.
2004 წლიდან მოყოლებული (როდესაც სტუდენტთა გარკვეული ნაწილი, რომელნიც წარჩინებითა და სიბეჯითით გამოირჩეოდნენ და სასწავლებლის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული მიდგომებით, სამართლიან პროტესტს გამოხატავდნენ), სასულიერო აკადემია-სემინარიაში არსებული პრობლემები პერიოდულად სააშკარაოზე გამოდიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არასდროს გვარდებოდა.
2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც სასწავლებლის რექტორად პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დაინიშნა (აღსანიშნავია, რომ მისი კანდიდატურის შემოთავაზებაც თქვენი უწმიდესობისადმი, ერთობ საეჭვო გარემოებაში წარიმართა), ვითარება უფრო გართულდა, ფატალური სახე შეიძინა და კულმინაციას 2012 წელს მიაღწია, როდესაც რექტორსა და მის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში მყოფ ზოგიერთ თანამშრომელს, ასეულობით სტუდენტი დაუპირისპირდა.
დანიშვნის დღიდან რექტორის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ სასწავლებელი კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა.
სასწავლებლის კრიზისული რეალობა გამოიხატება შემდეგში:
1. სტუდენტთა დაშინება, რაც მათში, ნაცვლად ქრისტიანულისა, მონური ფსიქიკის ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნის;
2. სტუდენტთა ფიზიკური და მორალური შეურცხყოფა; ძალადობა ხელით შეხებით და უშვერი სიტყვებით;
3. „
ურჩპედაგოგთა სახალხოდ და უმკაცრესად დასჯა, რაც გამოიხატა მათი ლექციებიდან ჩამოშორებითა და ავტორიტეტის შელახვით; განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლება მიღებული პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი კანდიდატები;
4.
სამეცნიერო საბჭოს ფიქტიური არსებობა (რექტორის პირადი მოსაზრება საბჭოს გადაწყვეტილებაზე, შინაგანაწესსა და ქცევის კოდექსზე მაღლა დგას, რის გამოც საბჭოს შეკრებები სავსებით უფუნქციო და აზრს მოკლებულია);
5.
სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის უმძიმესი, ანტისანიტარიული და ანტიჰიგიენური მდგომარეობის ფონზე, ძვირად ღირებული ავტომანქანის (55 000 ლარის ღირებულების) სასწავლებლის საბიუჯეტო სახსრებით შეძენა (სახეზეა სავარაუდო კორუფციისა და ფინანსური მანიპულაციის ნიშნები), რომელიც ძირითადად რექტორის პირად კომფორტს ემსახურება;
6.
რექტორის მიერ სასწავლებლის ფინანსური რესურსის სათავისოდ, არამიზნობრივად განკარგვა და გამოყენება;
7.
არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური პირების დასაქმება სამასწავლებლო თუ სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე;
8.
სასულიერო სასწავლებლის დიპლომების (უმაღლესი შეფასებით) პროტექციითა დაჩაწყობითგაცემა ისეთ პირებზე, რომელთაც სასწავლებელში საერთოდ არც არასდროს უსწავლიათ; მაგალითისთვის - გიორგი ანდრიაძეც კმარა;
9.
კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი სახელით, სტუდენტთა დაშინებისა და დაშანტაჟების პოლიტიკის წარმოება;
10.
სტუდენტური თვითმმართველობის არარსებობა;
11.
რექტორის მიერ ლექციების არამართებულად ჩატარება, ლექციაზე დაგვიანებით შემოსვლა და ლექციის ადრე დასრულება და ხშირი გაცდენა;
12.
გაცვლითი პროგრამების არარსებობა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საშუალების არ დანერგვა, საზღვარგარეთის თეოლოგიურ სასწავლებლებთან თითქმის არარსებული ურთიერთობები; არცერთ საერთაშორისო ფორუმებსა თუ საღვთისმეტყველო კონფერენციებზე მონაწილეობის არ მიღება, რაც როგორც პედაგოგის, ასევე სტუდენტების სწავლების ხარისხზე მწვავედ აისახება.
13.
სტიპენდიის არარსებობა და კათოლიკოს-პატრიარქის რექტორობის დროს რამდენიმე სტუდენტის სასტიპენდიო თანხების მითვისება ამჟამინდელი რექტორისპროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიერ;
14.
სასწავლო ინფრასტრუქტურის, ტექნიკური ბაზისა და გამართული ბიბლიოთეკის არარსებობა ;
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, უმორჩილესად გთხოვთ, დეტალურად გამოიკვლიოთ და გამოავლინოთ სასწავლებლის წიაღში არსებული ხარვეზები, მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება სასწავლებლის რექტორისა და ადმინისტრაციის ყველა იმ წევრის მიმართ, რომელიც რექტორის არაქრისტიანულ ქმედებებს ამართლებს და თავადაც ძალმომრეობს სტუდენტებზე.
აგრეთვე, გთხოვთ გონივრულ ვადაში შეასწოროთ და დაამტკიცოთ სასულიერო სასწავლებლის ახალი დებულება, რომელიც სტუდენტთა განვითარებისა და წარმატებისაკენ იქნება მიმართული და არა რექტორის ახირებებსა თუ დიქტატზე მორგებული.
P.S.
საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, ავთენტიკური სამხილებითა და ფაქტოლოგიური მტკიცებულებებით დავადასტუროთ წერილში აღწერილი პრობლემების ნამდვილობა!“, - აღნიშნულია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულების მიერ გავრცელებულ მიმართვის წერილში.