საზოგადოება
პუტინს სჯერა, რომ თუ საქართველოს დაამარცხებს, სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც მოერევა! - ტედ პო

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს რთული სამეზობლო აქვს. მიმოიხედავ და დაინახავ რუსულ დათვს, რომელიც ნამდვილად არ არის მეგობრულად განწყობილი“, – ეს განცხადება ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატივსაცემად კონგრესში გამართულ მიღებაზე გააკეთა.
სიტყვით გამოსვლისას ტეხასელმა კონგრესმენმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
ციმბირელ პლებეის, სწორედ ასე ვუწოდებ პუტინს, ჯერ კიდევ აქვს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დაბრუნების სურვილი. სწორედ ამიტომ არჩია, რომ ჯერ საქართველოში შემოჭრილიყო, რადგან საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც მოერევა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის თავს დაესხა ჯერ საქართველოს, შემდეგ უკრაინას და შეეცადა თავისი გავლენის გაფართოებას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ იდგეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გვერდით, რათა ამ ქვეყნებმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ და რომ ისინი რუსული იმპერიალისტური ზრახვების მარიონეტები არ არიან“, - განცხადა პომ სიტყვით გამოსვლისას.
კონგრესმენმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ აქვს ოკუპირებული. ტედ პომ საქართველოში ბოლო ვიზიტიც გაიხსენა, რომელიც 2008 წელს, აგვისტოს ომის დასრულებიდან ერთ კვირაში შედგა.
მე ვიმყოფებოდი საქართველოში 2008 წელს, რუსეთის შემოჭრიდან და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ერთი კვირის შემდეგ. ვნახე რუსული ტანკები. რუსებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ თქვენი ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ასეთია, რომ რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან ეს სიმართლეა. რუსები ასევე უკანონოდ ახდენენ უკრაინის ოკუპაციას“, - განაცხადა კონგრესმენმა.
ტედ პომ საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და დემოკრატიის განმტკიცების აუცილებლობაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ აშშ დარჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად და სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც განაგრძობს ქვეყნის რეფორმების პროცესის მხარდაჭერასა და დახმარებას.
დემოკრატია რთული საქმეა. ხანდახან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დემოკრატია არ მუშაობს, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან დემოკრატია აჩვენებს, რომ ის ნამდვილად მუშაობს. როდესაც ხალხს შეუძლია განსხვავებული აზრების გახმოვანება და საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა და როდესაც გყავთ სპიკერი, რომელიც უზრუნველყოფს, ყველას შეეძლოს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, ეს აჩვენებს, რომ დემოკრატია მუშაობს. ვამაყობ, რომ კონგრესმენ ჯერი კონოლისთან ერთად, ვარ მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე. ჩვენ, ასევე, ვართ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები“, – აღნიშნა კონგრესმენმა სიტყვით გამოსვლისას.