აქტუალური
საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგები ჯერჯერობით მიღწეული არ არის - მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს

     საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ეროვნული მედეგობის მიზანი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების გაერთიანებაა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ როცა ვლაპარაკობთ ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ მედეგობაზე, ამ მომენტში ვიძენთ უნარს, გვერდზე გადავდოთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და გავერთიანდეთ ქვეყნის დაცვისათვის, ავამუშაოთ ის მექანიზმები, რომლებიც მისცემს შესაძლებლობას საზოგადოებას, ჩაერთოს ქვეყნის თავდაცვის პროცესში.
მისი თქმით, ჩვენ გვყავს ამ თემაზე ორიენტირებული გამოწრთობილი მასმედია, ჟურნალისტთა კორპუსი, რომელმაც ზუსტად იცის, სად დაინახოს ამა თუ იმ საკითხის სისუსტე და სირთულე, მოახდინოს საზოგადოების, მათ შორის, პოლიტიკური ძალების მობილიზაცია.
ამიტომ, როდესაც საუბარია რუსულ პროპაგანდაზე, ხარისხობრივად ვხედავთ, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა ჯერჯერობით არ მომხდარა. ჯერ საქართველოს, დამოუკიდებლობის პირველი დღიდან, არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც არ იქნებოდა საქართველოს ძირითადი ინტერესების სამსახურში და არ იქნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციის მომხრე. ეს არის ის ფაქტი, რომელიც ჩვენს ისტორიულ რეალობას წარმოადგენს. ნამდვილად, ქართული საზოგადოება, მედიის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, ამ პროპაგანდაში ჯერჯერობით მოგებულია”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

1tv.ge