აქტუალური
სკანდალი! საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა დაადასტურა, რომ საქართველო აშშ-სა და ნატოს უფრო სჭირდებათ და არა - პირიქით!

     საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. 31 იანვარს საქინფორმმა, პუბლიკაციაში „სენსაცია! როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ნატოში შესვლა აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის, და არა პირიქით! ამერიკელ ექსპერტ ლუკ კოფის Heritage Foundation-დან წამოცდა!“, კომენტარი გაუკეთა სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის Heritage Foundation-ის მოხსენებას „საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“. ავტორი - დუგლას და სარა ელისონების საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ლუკ კოფი - რეკომენდაციით მიმართავს ნატოს - საქართველო ალიანსში დაჩქარებული წესით, MAP-ის გარეშე მიიღოს, ისევე, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, და მათი სტატუსის გარკვევაზე დროებით უარი თქვას, „სანამ საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით არ აღდგება, როგორც 1951 წელს თურქეთისა და საბერძნეთის შემთხვევაში მოხდა“.
საქინფორმის ვერსია საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, Heritage Foundation არ არის სამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად აზრის ფორმირების კუთხით.
მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ჯგუფების მხრიდან თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში მყარდება და მკვიდრდება აზრი, რომ საქართველო არის თავად ამერიკის და გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ეს შეფასება, ვფიქრობ, წლების მუშაობის შედეგიც არის. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია და უცნობია, ნატოს წევრობას როდის მიიღებს საქართველო, ზუსტად დროში როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ამერიკის გავლენიან წრეებში იმ აზრის დამკვიდრება, რომ საქართველოს ნატოს წევრობა არის თავად ამერიკის და თავად გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მე მიმაჩნია ძალიან კარგ ნიშნად“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.