სამართალი
2017 წლის განმავლობაში საქართველოში 15 222 ხანძარი მოხდა, ხანძრების შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა - საქსტატი

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში 2017 წლის განმავლობაში ხანძრების შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 61,2%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური "საქსტატი". საქართველოს ტერიტორიაზე გასულ წელს მთლიანობაში 15 222 ხანძარი დაფიქსირდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 39%-ით მეტია.
ხანძრების შედეგად სიკვდილიანობის ზრდის ფონზე შემცირდა ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი. 2017 წელს საქართველოში ხანძრის შედეგად 224 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2016 წელს - 249 ადამიანი.
რაც შეეხება ხანძრის შედეგად განადგურებულ შენობებს, 2017 წელს მათი რაოდენობა 543 იყო, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით მეტია. 2016 წელს ხანძარმა 468 შენობა გაანადგურა.
2017 წლის ზაფხულში საქართველოს ხანძრების სერია მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე მსხვილი ბორჯომის ხეობის სოფელ დაბასთან მომხდარი ტყის ხანძარი აღმოჩნდა, რომელსაც 6 დღის განმავლობაში აქრობდნენ. სიტუაციას მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებდა.