პოლიტიკა
რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის რატიფიცირებას ახდენს

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 05.02.2018 ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს №2-ФЗ „რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში“.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, მანამდე რფ-ის სახელმწიფო დუმამ მოახდინა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რფ-ის შეიარაღებულ ძალებში შეყვანის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც 2017 წლის 31 მარტს იქნა ხელმოწერილი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ 2015 წლის 18 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შეთანხმებაში მითითებულია, რომ რფ-ის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გავლაზე კონტრაქტის დადებისას მოქალაქე დათხოვნილი უნდა იყოს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურიდან და რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდეს. ამ მოქალაქეების მიერ შემდგომი სამსახურის გავლა რფ-ის კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.
შეთანხმება დადებულია 25 წლით, ავტომატური პროლონგაციის შესაძლებლობით.