პოლიტიკა
სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მმართველობაში შესვლაზე უარის თქმის გამო „რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის დირექტორმა და თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა სამსახური დატოვეს

     საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. როგორც „რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ყოფილმა დირექტორმა დავით კაკაბაძემ პირველ არხს განუცხადა, მისი გათავისუფლების მთავარი მიზეზი „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობის საკითხი გახდა.
უთანხმოების მთავარი მიზეზი რუსთავი 2-თან თანამშრომლობის საკითხი იყო, სხვა წვრილი მიზეზებიც დაასახელეს, მაგრამ რამაც დიდი კონფლიქტი წარმოშვა, ეს იყო ჩემი მხრიდან ამ საკითხზე გაწეული წინააღმდეგობა. ვუთხარი, რომ ჩემი დირექტორობის პირობებში ეს არ მოხდებოდა და ამის გაკეთება მაინც თუ გნებავთ, მაშინ გამათავისუფლეთ-მეთქი”, – ამბობს დავით კაკაბაძე.
კაკაბაძის თქმით, „რუსთავი 2“-ის საკითხისადმი „რადიო თავისუფლების” თანამშრომლებს შორის, თბილისსა და პრაღაშიც, ერთსულოვანი დამოკიდებულება არსებობდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არავის გამოუთქვამს. თუ ამ პრინციპით მიუდგებიან ყველას, მაშინ 45 კაცი უნდა გაათავისუფლონ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, მხოლოდ ჩემი გათავისუფლებით შემოიფარგლებიან”, – ამბობს დავით კაკაბაძე.
ამასთან, „რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ყოფილი დირექტორი აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-თან და მის ჟურნალისტებთან მტრული დამოკიდებულება არ აქვს, პირიქით, ტელევიზიის არსებობა ლეგიტიმურია და ამას არავინ უარყოფს.
უბრალოდ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, ისეთი პარტნიორები გვეპოვა, რომლებიც რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და ძალასთან არ არიან ასოცირებული”, – განმარტავს კაკაბაძე.
დავით კაკაბაძის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, რომ ახალი ხელმძღვანელის პირობებში თანამშრომლების დიდ ნაწილს კომპრომისზე წასვლა მოუწევს.
ძალიან ბევრი ჩემი თანამშრომელი იმ როლში ვერ წარმომიდგენია, რომ მოუწევთ დიდ კომპრომისზე წასვლა და რეალურად იმის გაკეთება, რასაც აქამდე ეწინააღმდეგებოდნენ. დიდი ნაწილი ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს და მაშინ მართლა დადგება რადიო თავისუფლებაში მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი”, – განაცხადა კაკაბაძემ.
BBG Watch-მა „რადიო თავისუფლების” სათავო ოფისის მენეჯმენტსა და ქართული სამსახურის ხელმძღვანელ დავით კაკაბაძეს შორის უთანხმოების შესახებ სტატია 23 იანვარს გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, „რადიო თავისუფლების” სათავო ოფისი ქართულ ოფისს „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აიძულებდა. 25 იანვარს კი „რადიო თავისუფლების” ქართულმა ოფისმა განაცხადა, რომ მენეჯმენტმა უთანხმოების გადაჭრის გზად კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა.
„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის ყოფილმა დირექტორმა დავით კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემა „ჰეშთეგში“ განაცხადა.
ჩემს თანამშრომლებს, ყველას ვთხოვე ძალიან მკაფიოდ, რომ დარჩნენ და განაგრძონრადიო თავისუფლებისთვისმუშაობა, ეს განსაკუთრებით ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რამ კი ვერ მოვახერხე - ამაზე დამეთანხმებინა თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე, რომლის გადაწყვეტილებასაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ ის დარჩებოდა და თბილისის ბიუროს უხელმძღვანელებდა.
სამწუხაროდ, მან თქვა, რომ ამ პირობებში ვერ წარმოუდგენია მუშაობის გაგრძელება. ამის შესახებ თანამშრომლებს უკვე აცნობა“, - განაცხადა კაკაბაძემ.