საზოგადოება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა

     საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ქალაქ მინსკის ვიცე-მერი ალექსანდრე კრეპაკ, ბელარუსის დიასპორის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბახოლდინი, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე და თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი ესწრებოდნენ. რიტა ხიდირბეგიშვილის თქმით, ბელარუსის დიასპორის შემოერთებით საბჭოს მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და კულტურული, ეკონომიკური და ტურიზმის განვითარების კუთხით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
თავის მხრივ, ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა საკრებულოს წევრებს ბიზნესის განვითარების, განათლების, ჯანდაცვის, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით არსებული გამოცდილება გააცნო და ქართველი და ბელორუსი ხალხის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

   


საქინფორმი