აქტუალური
ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალდნენ, თუმცა აუცილებელია, რომ მათ თურქეთში მუშაობის კანონიერი უფლება ჰქონდეთ - თურქეთის ელჩი

     საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა საელჩოში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
ფატმა სერენ იაზგანის თქმით, თურქეთ-საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთზე რეგულაციები ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების საუბრის შემდეგ გაიყინა და თურქეთი ცდილობს, დაადგინოს საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საზღვარზე ყოველდღიურ რეჟიმში გადადიან.
თურქი დიპლომატის განცხადებით, აუცილებელია კანონის აღსრულება, რომელიც თურქეთში ყოფნას და მუშაობის რეგულაციებს უკავშირდება. საქართველოს მოქალაქეების საზღვარზე გადასვლა, რომლებიც თურქეთის საზღვარს კვეთდნენ და იმავე დღეს უკან ბრუნდებოდნენ, ბაზაში არ აისახებოდა. ახალი რეგულაციით მსგავსი ქმედება ერთ კალენდარულ დღედ ითვლება. საქართველოსა და თურქეთს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და წესები საქართველოს მოქალაქეებზე ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ელჩმა ახმედ ჩატაევთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
ახმედ ჩატაევისა და მასთან ერთად სხვა პირების თურქეთიდან საქართველოში შემოსვლა თურქეთისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების გამოსაძიებელი საკითხია. დამატებით დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ”, – აღნიშნა ფატმა სერენ იაზგანმა.