საზოგადოება
კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სასჯელი საქართველოში რუსეთის არცერთ მოქალაქეს არ შეხებია

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაცია. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ხელშეკრულებების რეალიზაცია, აგრეთვე იმაზე, ვიქონიოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურების იმედი მათი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მეათე წლისთავზე, გრიგორი კარასინმა „კომერსანტის“ კორესპონდენტ ელენა ჩერნენკოს უამბო.
კარასინმა ჩამოთვალა მიმართულებები, რომლებიც „სიტუაციის სირთულის“ მიუხედავად ვითარდება, და ტურიზმი გამოყო:
„ამ მიმართულების პოტენციალი მართლაც დიდია. ტურისტები რუსეთიდან კვლავ მასობრივად გაემგზავრნენ საქართველოში და, სხვათაშორის, საქართველოს ეკონომიკას დიდი მოგება მოუტანეს.
ამავე დროს, სამწუხაროდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, თავისი მოქალაქეების ყურადღება მიაპყროს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებულ დიდ რისკს. თბილისს
ჯიუტად არ სურს სააკაშვილის პერიოდში მიღებული დისკრიმინაციული კანონის გაუქმება. შეგახსენებთ, ის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩასვლისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს. სასჯელის ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა 3 ათას დოლარამდე ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 4 წლამდე ვადით.
მართალია, ბოლო ხანებში ჩვენი მოქალაქეების მიმართ ამ რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მაგრამ მომავალში არანაირი გარანტია არ არსებობს.
საერთოდ, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში სრულფასოვანი საკონსულო მხარდაჭერის აღმოჩენა, აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოში რუსი ტურისტების უფლებების დაცვა უკიდურესად ძნელია“.