სამართალი
რუსეთი შეშფოთებულია მის საზღვრებთან სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ყოფნით, რომელიც მას ღიად აცხადებს მეტოქედ და მოწინააღმდეგედ - კარასინი

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაცია. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ხელშეკრულებების რეალიზაცია, აგრეთვე იმაზე, ვიქონიოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურების იმედი მათი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მეათე წლისთავზე, გრიგორი კარასინმა „კომერსანტის“ კორესპონდენტ ელენა ჩერნენკოს უამბო.
ჟენევის მოლაპარაკებათა სარგებლობის შესახებ შეკითხვის პასუხად კარასინმა, კერძოდ, აღნიშნა:
„როგორც ანდრეი ანდრეის ძე გრომიკო ამბობდა, „ათწლიანი მოლაპარაკება უკეთესია, ვიდრე ომის ერთი დღე“. ამ თვალსაზრისით ჟენევის დისკუსიები თავის თავს ასი პროცენტით ამართლებს. სხვა საქმეა, რომ საქართველოს პოზიციის გამო აქამდე ვერ მოხერხდა დისკუსიის მთავარ მიზანთან მიახლოება – ესაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საიმედო უზრუნველყოფა. სწორედ ასე იყო ეს ფორმულირებული დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის შეთანხმებებში. საქართველოს დელეგაცია უკვე დიდი ხანია, სისტემატურად შლის დისკუსიის მონაწილეთა ერთობლივი განცხადების მიღებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ეს, როგორც ჩანს, შემთხვევით არ ხდება, თუ გავითვალისწინებთ ნატოს და აშშ-ის მხრიდან საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას. ქვეყანაში იქმნება ნატოს ინფრასტრუქტურა, იგეგმება ან უკვე დაიწყო თბილისისთვის შეიარაღების უახლესი მრავალმილიონიანი სისტემების მიწოდება, როგორიცაა ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემები და ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. აშშ კი ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების პროგრამას იწყებს.
...ეს არის ჩვენს საზღვრებთან იმ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ყოფნის რეალური გაძლიერება, რომელიც ღიად გვაცხადებს მეტოქედ და მოწინააღმდეგედ. ის არის არა მეზობელი, არამედ რეგიონს მიღმა მდებარე ძალა. სწორედ ეს იწვევს ჩვენში ძლიერ შეშფოთებას“.