პოლიტიკა
ყაზბეგი, ენგური, გორი - კარასინმა ქართველებს მათ მიერ ხელმოწერილ კონტრაქტში დაფიქსირებული საქართველოს საბაჟო საზღვარი შეახსენა

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაცია. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ხელშეკრულებების რეალიზაცია, აგრეთვე იმაზე, ვიქონიოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურების იმედი მათი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მეათე წლისთავზე, გრიგორი კარასინმა „კომერსანტის“ კორესპონდენტ ელენა ჩერნენკოს უამბო.
„ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ ამ შეთანხმებაზე: ვიმედოვნებთ, რომ ის მძლავრ იმპულსს მისცემს ვაჭრობას რეგიონში... რამდენადაც საქართველომ არ აღიარა მის ყოფილ ტერიტორიაზე შექმნილი ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამიტომ არსებობდა გაურკვევლობა, თუ სად გადის ამჟამად მისი საბაჟო საზღვარი. 2011 წლის შეთანხმებას სიცხადე შეაქვს ამ საკითხში. ამ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მითითებულია კონკრეტული გეოგრაფიული კოორდინატები, სადაც უნდა განთავსდეს საქართველოს საბაჟო სამსახური. ეს არის ყაზბეგის რაიონი, ადგილი მდინარე ენგურის სამხრეთით (რომლის იქით აფხაზეთის რესპუბლიკა იწყება), და გორის შემოგარენი (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის მახლობლად).
...ჩვენ შევეცდებით
ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დროულად დამთავრებას, რის შემდეგაც შეთანხმება ამოქმედდება“, – განაცხადა, კერძოდ, კარასინმა.