აქტუალური
საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ შეღავათიან სამედიცინო მომსახურებას, განათლებას და ევროპასთან უვიზო მიმოსვლასაც კი ჰპირდება საქართველოს მოქალაქეობის აღიარების პირობით - კარასინი

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაცია. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ხელშეკრულებების რეალიზაცია, აგრეთვე იმაზე, ვიქონიოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურების იმედი მათი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მეათე წლისთავზე, გრიგორი კარასინმა „კომერსანტის“ კორესპონდენტ ელენა ჩერნენკოს უამბო.
შეკითხვაზე მოსკოვის დამოკიდებულების შესახებ ქართველების განზრახვასთან - „აფხაზ და ოს ძმებს შეურიგდნენ“, კარასინმა ამგვარად უპასუხა:
„მთავარია, რა დამოკიდებულება აქვთ ამის მიმართ სოხუმსა და ცხინვალში. იქ კი, რამდენადაც ვიცი, ღრმა უნდობლობას განიცდიან. და ეს გასაკვირი არ არის. მოჩვენებითი მეგობრულობის ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგალითად, მართლაც ტიტანურ ძალ-ღონეს ხარჯავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იზოლაციისთვის. საქართველოს წაქეზებით დასავლეთის სახელმწიფოები რესპუბლიკების მცხოვრებთ ვიზებზე უარს ეუბნებიან, ხოლო აშშ, ზედიზედ   უკვე რამდენი წელია, გაეროს შტაბბინაში სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების ჩასვლას ბლოკავს, რათა „დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულების“ საკითხზე პოლიტიზებული და არაობიექტური ქართული რეზოლუციის ყოველწლიურ მიღებას ხელი არაფერმა შეუშალოს. საქართველოს საელჩოები მრისხანე პროტესტებს აცხადებენ ისეთი საბაბითაც კი, როგორიცაა სამხრეთ ოსეთის ბუნების ხედების ფოტოგამოფენა რომელიმე ევროპულ დედაქალაქში. იყო სპორტული შეჯიბრების ჩაშლის შემთხვევა. ამ ცოტა ხნის წინ კი საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში პატარა შოტლანდიურ ქალაქ კილმარნოკში გამოძებნა კონფლიქტის წლებში დაღუპული სოხუმელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მოკრძალებული სტელა და მის აღებას მოითხოვდა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ აფხაზეთის დროშაა გამოსახული. მუნიციპალიტეტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის არ წამოეგო ამ პარანოიას და ძეგლი თავის ადგილზე დარჩა...“