სამართალი
აფხაზეთში „საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების კავშირი“ შეიქმნა, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადაყენებას შეეცდება

      საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ასეთი განცხადება გააკეთა ფონდი „აპრას“ ხელმძღვანელმა ასლან ბჟანიამ 23 იანვარს პრესკონფერენციაზე: „3 და 5 იანვრის მოვლენებმა, რომლებიც ქართველი ტერორისტის გიორგი ლუკავას ციხიდან გათავისუფლებას უკავშირდებოდა, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გაერთიანებისკენ უბიძგა“, - იუწყება sputnik-abkhazia.ru.
„ჩვენი დღევანდელი მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობას მთავარ შეკითხვებზე ვუპასუხოთ - როგორ მოვიქცეთ შემდგომში. ჩვენს საზოგადოებაში სვამენ კითხვებს, რა პერსპექტივები არსებობს მომავალში“, - ხაზი გაუსვა ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - აფხაზეთის“ ხელმძღვანელმა რაულ ლოლუამ.
პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარემ სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ ახალი კავშირის წევრობა ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციის გამო გადაწყვიტა. „ოცი წელია, იმ ცვლილებებზე ვლაპარაკობ, რომლებიც უნდა მოხდეს, რათა პარლამენტმა რეალურად აკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება. დღეს ჩვენ გვაქვს პარლამენტი, რომელიც შექმნილია პრეზიდენტის დასაცავად. არჩევნებზე მე მხარი დავუჭირე ხაჯიმბას, იმიტომ რომ მომავალი პრეზიდენტიც და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც დიდხანს მარწმუნებდნენ, რომ იქნება რეფორმები, იქნება ხელისუფლების გადანაწილება. მე დავუჯერე. მაგრამ სამი წელი გავიდა და ვხედავ, რომ არაფერი არ არის“, - აღნიშნა სერგეი შამბამ.
„საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების კავშირში“ შევიდნენ პოლიტიკური პარტიები „ამცახარა“, „ერთიანი აფხაზეთი“, ფონდი „აპრა“, საზოგადოებრივი ორგანიზაციები „კიარაზაა“, „აბზანხარა“, „ჩვენი სახლი - აფხაზეთი“, ვეტერანთა და ახალგაზრდობის კავშირი „აპსნი“.