სამართალი
ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების დახმარების ბრალდებით სუს-მა კიდევ ერთი პირი დააკავა

      საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თბილისში საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, და სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის ახმედ ჩატაევის საქმეზე სულ შვიდი ადამიანია დაკავებული.