სამართალი
საჭიროა ბალანსის დაცვა, რათა ნარკოპოლიტიკის მიმართ ჰუმანურმა მიდგომამ მისი წახალისების პროვოცირება არ მოახდინოს - გიორგი გახარია

      საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ნარკოპოლიტიკის მნიშვნელოვან თემაზე დისკუსია დროში იწელება, რაც მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ნარკოპოლიტიკის საკითხზე მსჯელობენ.
ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება. აქ რეალურად ვხედავთ რისკებს. ვთვლით, რომ ეს არის მიმართულება, სადაც მკაცრი მიდგომები არათუ შესანარჩუნებელია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყო გასამკაცრებელი. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანურიკომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და მიდგომა ნაკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული, რათა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული, რამეთუ ეს არ უნდა იყოს პროვოცირება მოხმარების წახალისებისა. ჩვენ ვთვლით, რომ ძირითადი ამოცანა ნარკოპოლიტიკის უნდა იყოს ახალი მომხმარებლების არგაჩენა და რეაბილიტაცია”, – განაცხადა შს მინისტრმა.
მისივე თქმით, უმჯობესია, რომ საკითხის განხილვა მოხდეს ერთ პლატფორმაზე, სადაც ჩართული იქნება ყველა უწყება.
ჩვენ გვესმის, რომ ნარკოპოლიტიკა არის კომპლექსური საკითხი. უნდა გვესმოდეს, რომ შსს- ძირითადი ამოცანა არის ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ახალი მომხმარებლების არგაჩენა და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც აღკვეთს წახალისებას, ვთვლით, რომ ამასთან ერთად ნარკოტების შეძენა-შენახვა-მოხმარების მიმართულებით არსებობს გარკვეული რეზერვი, რომ სახელმწიფოს მიდგომა იყოს კიდევ უფრო ჰუმანური, ისევე, როგორც იმ მიმართულებით, რასაც შემოწმებების ფორმები ჰქვია. მზად ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ. ჩვენი მიზანი ამ ფორმატის განახლების და დროში სწრაფი გადწყვეტილების მიღების კომპლექსური ნარკოპოლიტიკაა. გვესმის, რომ შსს თუნდაც ნარკოდანაშაულთან ბრძოლით ვერაფერს გახდება, თუ ყველა სხვა მიმართულებით, ოთხი სვეტის მიმართულებით კომპლექსური მიდგომა არ იქნება შესაბამის სახელმწიფო უწყებებზე. ვთვლით, რომ ვიდრე არ გვექნება აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა ყველა სხვა მიმართულებაზე, პრევენციაზე, რეაბილიტაციაზე, არ გვექნება კონკრეტული გეგმა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ჰუმანური მიდგომა არ უნდა გახდეს მაპროვოცირებელი წახალისების. ვთვლით, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი და, როდესაც ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონდებლო ცვლილებებს, აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს, ყველა სხვა მიმართულებით, რას ვაკეთებთ. უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რის შემდეგაც სხვანაირად ვერ შევაფასებთ მიღებული გადაწყვეტილებებს, საკანონდებლო ცვლილებების ეფექტურობას და შევალთ საკმაოდ მძიმე რისკებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.