საზოგადოება
ლუგარის ბიოლაბორატორია თბილისში უარყოფს 29 222 დოზა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინის გამოყენებას

      საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც ფართოდ არის ცნობილი, როგორც ლუგარის ბიოლაბორატორია, უარყოფს 29 222 დოზა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ცოფის ვაქცინის გამოყენებას, რის შესახებაც მედიასაშუალებები საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე იუწყებოდნენ.
"ჩვენი განცხადება ეხება იმ საკითხს, რომელმაც გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთ-ერთმა პუბლიკაციამ, რომელიც შეეხო იმუნიზაციის პროცესს.
ის, რაც წერია პუბლიკაციაში, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს აუდიტის სამსახურისთვის გაცემული აქვს რამდენჯერმე არგუმენტირებული პასუხი. მათ შორის გუშინწინ სპეციალური სხდომა შედგა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენ დავასაბუთეთ იმ საკითხის მართებულობა, რაზეც დღეს აუდიტის სამსახურის პუბლიკაციამ გამოიწვია აჟიოტაჟი.
აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათ ცენტრის არგუმენტებს და იყო შეპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა.
მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ქვეყანაში გამიზნულად ხდება დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციისა, რაც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან.
ბოლო 200 წლის მედიცინის ისტორიაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია ჯერ არ მოუგონიათ, რომელმაც გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.
მათ შორის დღევანდელი პუბლიკაციის სათაურში არ არის ნახსენები, რომ ეს ვაქცინა გახლავთ ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმური ვაქცინა, რომელიც ჩვენ ბავშვებს უკეთდება კალენდრის მიხედვით. ეს საკითხი ეხება ცოფს! მოგეხსენებათ, ცოფი გახლავთ 100% სასიკვდილო დაავადება, თუ ადამიანს ცოფი განუვითარდა, ჯერჯერობით მედიცინა ამ დაავადების წინაშე უძლურია.
ერთადერთი ცოფი იმართება ვაქცინების საშუალებით. ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ჯანდაცვის სექტორის გახლავთ ის, რომ არცერთი წყვეტა ჯანდაცვის ვაქცინებში არ ყოფილა. ქვეყანაში უმჯობესდება აცრები და მათ შორის, ცოფის საწინააღმდეგო. სწორედ ამის შედეგია ის, რომ პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში 2015-2016- 2017 წლებში არცერთი ადამიანის ცოფის შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ეს ვაქცინა 2015 წელს შემოსულია ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით, რასაც კანონი ითვალისწინებს. ვაქცინა იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული.
ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში 2015 წლის განმავლობაში და არცერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული როგორც ვაქცინის შემოტანიდან, ისე ვაქცინის ამოღების პროცესში.
2016 წლის იანვარში, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიამ გამოითხოვა ამ ქარხნიდან მისი პრეკვალიფიკაცია, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ვაქცინის ამოღება დაუყოვნებლივ მომხდარიყო, რადგან ეს გახლავთ სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინა და ქვეყნის დატოვება ვაქცინის გარეშე წარმოუდგენელია
გამოთხოვიდან დაახლოებით თვენახევარში "დაავადებათა კონტროლის ცენტრმა" უზრუნველყო ამ ვაქცინის ჩანაცვლება ახალი ვაქცინით და 2016 წლის მარტის ბოლოდან ქვეყანაში გამოიყენებოდა ახალი ვაქცინა.
2015 წლიდან ქვეყანაში ცოფის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი დამსახურება იმუნიზაციის პროცესის გამართვისა. სამწუხაროდ, დღეს პრესაში ჩნდება მცდელობა და არ მინდა ვიფიქრო, რომ ამას გამიზნული დანიშნულება აქვს.
ვთხოვ, აუდიტის სამსახურმა გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთოს", - განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გაყრელიძემ.