სამართალი
შს მინისტრი სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე კონკრეტულ შედეგებს უახლოესი დღეებისთვის ელოდება

      საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო (სამსონ) ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის საქმიანობის შედეგებზე მედიასთან კომენტარი ერთ ან ორ დღეში გაკეთდება. მინისტრის თქმით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გუშინ შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, ეს გახლავთ მაღალპროფესიული ჯგუფი, საკმაოდ დიდი ჯგუფია. მისი წევრები უკვე გუშინ ჩაერთნენ გამოძიების პროცესში. საქმეზე გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. დღეის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს პერიოდში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს.
გვესმის, რომ ეს არის რეზონანსული საქმე და ხვალინდელი დღიდან საგამოძიებო ჯგუფი იქნება ღია საზოგადოებასთან ურთიერთობის ჭრილში. რა თქმა უნდა, ინფორმაცია იქნება გაზიარებული აბსოლუტურად ღიად.
დაახლოებით ხვალ-ზეგ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებების აქტიური ეტაპი, დიდი ნაწილი იქნება უკვე დასრულებული, ამის შემდგომ, აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებთ საზოგადოებასთან“, – განაცხადა შს მინისტრმა.
ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, კონკრეტულად ამ დანაშაულთან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინ არის.
პირველი არხის ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს და მას ბრალი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით წაუყენეს.