პოლიტიკა
კარასინთან შეხვედრაზე 31 იანვარს მოცემული ფორმატისთვის ტრადიციული თემები განიხილება - ზურაბ აბაშიძე

      საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში 31 იანვარს გაიმართება.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.
ჩვენ ჩვენი, უკვე ტრადიციულად ქცეული დღის წესრიგი გვაქვსსავაჭროეკონომიკური კავშირები, კომუნიკაცია ტრანსპორტის სფეროში, ტურიზმი, გარკვეული ჰუმანიტარული თემები. ეს ჩვენი კონკრეტული, პრაქტიკული, ფოკუსირებული დღის წესრიგია. პოლიტიკური ხასიათის უფრო რთული თემები ჟენევაში განიხილება“, – განაცხადა აბაშიძემ „Sputnik საქართველოსთან“.
აბაშიძე–კარასინის ბოლო შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების საფუძველზე შეიქმნა. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება. პირველ ჯგუფში უსაფრთხოებისა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სტაბილურობის საკითხებს განიხილავენ, მეორეში კი - ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.