საზოგადოება
რუსეთი პირველ ადგილზეა: 2017 წელს საქართველოში ფულადმა გადმორიცხვებმა 455 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა

      საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. რუსეთის ფედერაციიდან 2017 წლის დეკემბერში გადმოირიცხა 45 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რაც 2016 წლის დეკემბერთან შედარებით 8,3%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში. დეკემბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობიდან რუსეთზე 32,5% მოდის.
მეორე ადგილს იტალია იკავებს — ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხულია დაახლოებით 15,4 მილიონი დოლარი, რაც 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25,3%-ით მეტია. შემდეგ მოდის საბერძნეთი15,1 მილიონ დოლარზე მეტი (27%), აშშ13,1 მილიონ დოლარზე მეტი (-7%), ისრაელი12,4 მილიონი დოლარი (74%), თურქეთი10 მილიონი დოლარი (20%).
რუსეთიდან საქართველოში 2017 წელს, გასულ წელთან შედარებით, 15,4%-ით მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა. 2017 წლის 12 თვის განმავლობაში რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ დაახლოებით 455,3 მილიონი დოლარი შეადგინა.
იტალიიდან გადმორიცხეს 143 მლნ დოლარი, რაც 2016 წელთან შედარებით თითქმის 18%-ით მეტია. აშშ-დან 142 მილიონი დოლარი გადმოირიცხა (11,2%); საბერძნეთიდან - 141,2 მლნ დოლარი (13,4%), ისრაელიდან - 119,1 მილიონი დოლარი (96,1%) და თურქეთიდან - 109,4 მილიონი დოლარი (25,6%).
საქართველოდან უცხოეთში დეკემბრის თვეში გადარიცხულია 19,8 მილიონ დოლარი, რაც გასული წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით 9%-ით მეტია. საერთო ჯამში 2017 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულია დაახლოებით 193 მილიონი დოლარი, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,2%-ით მეტია.
სულ 2017 წლის დეკემბერში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 16,3%-ით გაიზარდა და 138,4 მილიონ დოლარამდე შეადგინა. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, თითქმის 20%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.