საზოგადოება
"გამოვა ხალხი და კუდით ქვას ასროლინებს" - სასულიერო პირები და აკადემიკოსები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ

      საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს, სასულიერო პირები მასობრივი გამოსვლებით იმუქრებიან.
„აქციები კი არა, დაიღუპები გოგონა, შეიძლება მერე შენც მოგივიდეს ტელეფონით შეტყობინება, რომ მოდით ნარკოტიკი იყიდეთ. გამოსვლები იქნება“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.
საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას და განხილვების შეჩერებას მოითხოვს.
„ეს კანონპროექტი არის მიუღებელი და უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების დაჭერას კი არა ავადმყოფობასთან დაკავშირებით, არამედ დახმარებას, ხოლო ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკა უნდა იყოს,“- განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.
სასულიერო პირების თქმით, კანონპროექტით ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის მოხმარება გაიზრდება.
„მოვისმინეთ გაეროს დასკვნა, რომ ავღანეთიდან ნარკოტრასები, დაახლოებით, 200-ზე მეტია, აქედან 35 სამხრეთ კავკასიაზე გადის. საშიშროება, რომ მოუფიქრებლად გადადგმულ ნაბიჯს მოჰყვეს უმართავი პროცესები, ამას ყველა აცნობიერებს“, - განაცადა კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა მამა ანდრიამ.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აქციების გამართვას აკადემიკოსებიც არ გამორიცხავენ.
„ხალხი გამოვა. ერთ-ერთი ინიციატორი მე ვიქნები. გამოვა ხალხი და კუდით ქვას ასროლინებს იმას, ვინც იღებს კანონს, რომელიც საქართველოს ღუპავს და ანადგურებს“, - განაცხადა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ.
მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრას პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. კანონპროექტის მიღებას მხარს არ უჭერენ პარტია „მრეწველები“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, რომლის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკანონმდებლო ინიციატივას „მკვდრადშობილი“ უწოდა.