პოლიტიკა
ჩვენ ვიცით, ვინ არიან ეს პროვოკატორები, ვის და რამდენი გადაუხადეს ამ პროვოკაციისთვის, როდის და სად მოხდა ამ უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემა, რამდენია ისინი... - პუტინი

      საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. 11 იანვარს, რუსეთის ბეჭდური მედიის დღის წინ, რომელიც 13 იანვარს აღინიშნება, გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ რედაქციაში გაიმართა რფ-ის პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალებებისა და საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან. შეკითხვებზე პასუხისას ვლადიმერ პუტინმა მონიშნა რუსეთის პოზიცია მსოფლიოს მთავარ მოვლენებთან დაკავშირებით და ჟურნალისტებს მრავალი ახალი ინფორმაცია გააცნო.
იდლიბის ტერიტორიის თურქეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან რუსულ ავიაბაზა „ხმეიმიმზე“ ამასწინათ განხორციელებული შეტევების თაობაზე შეკითხვას პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:
„არც თურქ სამხედროებს, არც თურქეთის ხელისუფლებას, თურქეთის სახელმწიფოს ამ ინციდენტთან არანაირი კავშირი არა აქვთ, თუმცა იდლიბის ზონის ამ ნაწილს მართლაც თურქეთი უნდა აკონტროლებდეს. ჩვენც ვერ ვახერხებთ ყოველთვის იმის გაკონტროლებას, რასაც იქ უნდა ვაკონტროლებდეთ. ეს ზოგჯერ არც თურქ პარტნიორებს გამოსდით.
...იქ პროვოკატორები იყვნენ. მაგრამ არა თურქები. და ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი. ვიცით, ვის და რამდენი გადაუხადეს ამ პროვოკაციისთვის, რომელიც მიმართული იყო ადრე მიღწეული შეთანხმებების ჩაშლაზე, პარტნიორებთან - თურქეთთან და ირანთან ჩვენი ურთიერთობის დარღვევის მცდელობაზე.
რაც შეეხება თავად ამ თავდასხმებს, ეჭვიც არ გვეპარება, რომ ისინი კარგად იყო მომზადებული. ჩვენ ვიცით, როდის და სად მოხდა ამ უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემა, რამდენია ისინი. ეს საფრენი აპარატები შენიღბულია - მინდა, ამას ხაზი გავუსვა -  შენიღბულია, როგორც კუსტარული წარმოება. სინამდვილეში იქ არის მაღალტექნოლოგიური ელემენტები, რომელთა შესრულება კუსტარული წესით შეუძლებელია“.