აქტუალური
სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იქნება, ოსი ხალხი გაერთიანდება, ჩვენ სხვა გზა არ გაგვაჩნია! - ანატოლი ბიბილოვი

      საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. „დადგება დრო, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს და იქნება რფ-ის შემადგენლობაში, ჩვენ სხვა ისტორიული გზა არ გვაქვს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის არა ანატოლი ილიას ძის იდეა, როგორც პრეზიდენტის - ეს ხალხის იდეაა, ჩვენ ამ იდეით ვცხოვრობთ, და რაღა თქმა უნდა, ამ იდეას განვახორციელებთ!“, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
შეკითხვაზე, როგორს ხედავს რესპუბლიკას ათი წლის შემდეგ, ბიბილოვმა უპასუხა: „სამხრეთ ოსეთს ვხედავ აყვავებულს, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად - რფ-ის შემადგენლობაში. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთში მოსახლე ოსი ხალხი გაერთიანდეს. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვები არ არსებობს“.
როგორც სამხრეთ ოსეთის ლიდერმა აღნიშნა, გამოჩნდნენ ინვესტორები, რომლებიც რესპუბლიკის ეკონომიკაში ფულს აბანდებენ - ისინი დარწმუნებული არიან, რომ სამხრეთ ოსეთში სტაბილურობაა, „და ეს სტაბილურობა დროებითი კი არა, მუდმივია“: „ხალხი დარწმუნებულია, რომ მათი ინვესტიციები დაცულია სახელმწიფოს მხრიდან, კანონებით, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებობს. ხალხი ნელ-ნელა ბრუნდება. ძირითადი მასა დაბრუნდა“.