აქტუალური
დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რას იტყვის ძია სემი, ვიდრე ის, რომ საქართველო უკეთ იყოს! - ანატოლი ბიბილოვი

      საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. „სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოს არ სურს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა, თუმცა ამდენი წელია, ფაქტობრივად, წელიწადში რამდენჯერმე, მიმდინარეობს კონსულტაციები ჟენევის მოლაპარაკებებზე. ჩვენთვის ეს იმის სიგნალია, რომ, შესაძლოა, საქართველომ ძალა გამოიყენოს, რათა გარკვეულწილად იმოქმედოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბედზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის გვეშინია“, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
„რუსეთი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, მასთან შეთანხმებაზე ხელი გვაქვს მოწერილი, ჩვენ უსაფრთხოების ერთიანი კონტურის საკითხს ვამუშავებთ - მესაზღვრეებით დაწყებული, შეიარაღებული ძალებით დამთავრებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს მხრიდან ძალისმიერი სცენარის საფრთხე ჯერჯერობით არსებობს“, - მიაჩნია ბიბილოვს.
მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გააჩაღა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მიმართ არ იცვლება.
„საქართველოს პოლიტიკა ვერ შეიცვლება, იმიტომ რომ მთელი ამ პოლიტიკის რეჟისორი ვაშინგტონში ცხოვრობს. და, რასაკვირველია, დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია - რას იტყვის ძია სემი, ვიდრე ის, რომ საქართველო უკეთ იყოს! მაგრამ თუ ხვალ, ზეგ, ერთი წლის შემდეგ, ათი წლის შემდეგ, როდისმე მათი პოლიტიკა შეიცვლება, რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკაც შეცვლას დაიწყებს და ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობის აწყობას შევუდგებით“, - აღნიშნა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა.