პოლიტიკა
სააკაშვილი დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებისკენ ისწრაფვოდა, რითაც პუტინის რისხვა გამოიწვია! - აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის მოხსენებიდან

      საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. გავლენიანმა სენატორმა-დემოკრატმა ბენ კარდინმა წარადგინა მოხსენება სახელწოდებით პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“. როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანამშრომლების მიერ მომზადებული 200-გვერდიანი დოკუმენტი კრემლის მიერ აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გამოყენებული სტრატეგიისა და ტაქტიკის პირველი მასშტაბური გამოკვლევაა
მოხსენებაში საქართველოს ცალკე თავი ეძღვნება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „2008 წელს საქართველოში ინტერვენცია ნათელი მაგალითია, თუ როგორ იყენებს რუსეთი ძალას სხვა ქვეყნისთვის ტერიტორიის წასართმევად“:
„მზარდი დაძაბულობის წლების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ჯარებმა მხარი დაუჭირეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში სეპარატისტებს, რაც დასრულდა რუსეთის მთავრობის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებით. ამ კონფლიქტმა ასევე პირველად აჩვენა, რომ სამხედრო ინტერვენციასთან ერთად, გამოყენებული იყო კიბერთავდასხმები – ინოვაცია, რომელიც რუსეთის მთავრობამ დახვეწა ექვსი წლის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის დროს. 2008 წლის შემდეგ რუსეთის მთავრობის პროპაგანდა და პოლიტიკური პარტიებისადმი და სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფებისადმი რუსეთის მხარდაჭერა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მაშინ, როდესაც ქვეყანაში პროდემოკრატიული ძალები დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავებას ცდილობენ.
2008 წლის აგვისტომდე დაძაბულობა მატულობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში, რომლებიც სადავო გახდა 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს აგვისტოს დასაწყისში, რის შემდეგაც აღნიშნულ რაიონში ქართველი სამხედროები გამაგრდნენ. რუსმა სამხედროებმა პასუხად ტანკების გამოყენებით განდევნეს საქართველოს ძალები სამხრეთ ოსეთიდან. მალევე ნათელი გახდა, რომ რუსეთის თავდასხმა მხოლოდ სამხედრო მეთოდებით არ შემოიფარგლებოდა, არამედ იქნებოდა უფრო ყოვლისმომცველი.
...როდესაც 8 აგვისტოს რუსეთის ჯარი შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ეროვნული ბანკისა და რამდენიმე მედიასაშუალების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმები განხორციელდა. ამ თავდასხმების განხორციელებაში საქართველოს მთავრობამ რუსეთის მთავრობა დაადანაშაულა, რაც კრემლმა უარყო. ობამას ადმინისტრაციის დროს პენტაგონის მაღალჩინოსანი კიბერპოლიტიკის საკითხებში მაიკ სალმეიერი აცხადებდა, რომ რუსეთის ინტერვენცია იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ვხედავდით კიბერაქტიურობასთან კომბინირებულ ჩვეულებრივ სახმელეთო ოპერაციას. ამან აჩვენა არა მხოლოდ ის, რომ ამ ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია კომბინირებული ოპერაციის დროს, არამედ ისიც, რომ რუსები მზად არიან, განახორციელონ ეს.
...სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად მოვიდა და მალევე დაიწყო სწრაფვა დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან უფრო ძლიერი კავშირების დასამყარებლად, რითაც პუტინის რისხვა გამოიწვია. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატომ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზების შესაძლებლობას განიხილავდა. პუტინმა ამ განცხადებას უპასუხა, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან რუსეთში აღქმული იქნება, როგორც პირდაპირი საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“.
ნატოსთან კავშირების გაღრმავებისკენ მიმართული საქართველოს აქტიური ნაბიჯები, როგორც ჩანს, გადამწყვეტი ელემენტი იყო რუსეთის მიერ ინტერვენციის გადაწყვეტილების მიღებაში, თუ არა 2008 წლის რუსეთის ინტერვენციის ერთადერთი ფაქტორი. მოკლე ომმა იწინასწარმეტყველა რუსეთის ჰიბრიდული ომი ევროპაში, რომელიც მიმართულია ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებისა და კონტინენტზე დემოკრატიის კონსოლიდაციის წინააღმდეგ. დღეს რუსეთი აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ და სეპარატისტული ძალების მხარდაჭერით განაგრძობს ძალების განთავსებას ოკუპირებულ რეგიონებში. რუსეთმა ასევე გააფორმა პარტნიორობისა და სტრატეგიული მოკავშირეობის შეთანხმებები ორ რეგიონთან, რითაც კიდევ უფრო გაამყარა გაყინული კონფლიქტი.
...როგორც ჩანს, ბუშის ადმინისტრაცია უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ბოლო დღეებში არ ისწრაფოდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ. ობამას ახალმოსული ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას იმედოვნებდა, რაც აფერხებდა კრემლის აგრესიაზე მნიშვნელოვანი იძულებითი ზომებით რეაგირებას. რუსეთის ქმედებებზე უფრო აგრესიული პასუხის არარსებობის მიუხედავად, ორივე ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო საქართველოში სამთავრობო ინსტიტუტების მშენებელობასა და ნატოს სტრუქტურებში მის ინტეგრაციაში“, – ნათქვამია, კერძოდ, დემოკრატი სენატორების მიერ მომზადებულ მოხსენებაში.