პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - როცა ნარკოპოლიტიკა შედეგს არ იძლევა, ჯობს, აკრძალვები მოხსნა და ადამიანები თავისუფალი იყვნენ

      საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - შეწყალების საქმეთა კომისიას შორის შეხვედრა მომავალი წლის იანვარში გაიმართება.
ამ შედეგით დასრულდა შეხვედრა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის ინიციატივით შედგა.
შეხვედრისას მოძრაობა "თეთრი ხმაურის", არასამთავრობო ორგანიზაცია "ტალღის" და ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების, შესაბამისი კანონპროექტისა და სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია მოისმინეს.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ჯგუფს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობს ის.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე ძალადობრივი ნარკოპოლიტიკაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და რომელმაც სტატისტიკურად ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მუშაობდა და მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომელიც სამართალდამცავების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს.
"დღეს შევხვდი ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უკეთეს, უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, ვინც მოწადინებული უნდა იყვნენ, რომ უფრო ადეკვატური და ლოიალური ნარკოპოლიტიკის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან. მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა, ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ იმ სტერეოტიპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა.
მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს, როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როდესაც ის აკრძალვები, სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე, შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა და ჯობია, ადამიანები თავისუფალი იყვნენ, ამ ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ თავისი ბედი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.