პოლიტიკა
მშობლებისა და შვილების სიყვარული, პატიების და შეცდომების აღიარების უნარი - რუსეთის პრეზიდენტის და საქართველოს პატრიარქის საახალწლო მილოცვების თემები ერთმანეთს სრულად დაემთხვა (ვიდეო)

      საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საახალწლო მიმართვა (ვიდეო იხ. აქ)
„ძვირფასო მეგობრებო!
ზღურბლზე მოგვადგა ახალი, 2018 წელი. რა თქმა უნდა, ეს დღესასწაული ჩვენთან ყოველ წელს მოდის, მაგრამ მას მაინც აღვიქვამთ, როგორც კეთილს, სასურველს, გვჯერა, რომ ამ წუთებში ჩაფიქრებული ყველაფერი, ყველა იმედი აგვისრულდება.
ახალი წელი ჩვენთან, უპირველეს ყოვლისა, ოჯახური დღესასწაულია. ჩვენ მას აღვნიშნავთ, როგორც ბავშვობაში: საჩუქრებითა და სიურპრიზებით, განსაკუთრებული სითბოთი, მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინში.
და ისინი აუცილებლად მოვლენ ჩვენს ცხოვრებაში, თუკი ყველა ჩვენგანს ყოველთვის ემახსოვრება თავისი მშობლები, გაუფრთხილდება მათ, დააფასებს მათთან გატარებულ თითოეულ წუთს, თუ უკეთ გავუგებთ ჩვენს შვილებს, მათ მისწრაფებებსა და ოცნებებს, მხარს დავუჭერთ გვერდით მყოფებს, ვისაც ჩვენი თანაგრძნობა და სულის სიუხვე სჭირდება.
დახმარების გაწევის, გულისხმიერების, სიკეთის გაცემის უნარი ცხოვრებას ჭეშმარიტი აზრით ავსებს. სადაც უნდა ვიმყოფებოდეთ - ოჯახურ სუფრასთან, მხიარულ კომპანიაში, საზეიმოდ მორთულ ქუჩებში - ამაღლებული საახალწლო განწყობა გვაერთიანებს, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ჩვენი გრძნობები ძვირფას ადამიანებს გავუზიაროთ, რომლებიც, შესაძლოა, ასობით, ათასობით კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ.
და, როგორც ყოველთვის, ჩემი საგანგებო მილოცვა ყველას, ვინც ახლა მუშაობს, სამხედრო ან პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, საავადმყოფოებში მორიგეობს, თვითმფრინავებსა და მატარებლებს მართავს.
ახალი წლის ამ მშვენიერ ღამეს ჩვენ ერთად ვართ. ერთად ვართ ჩვენს საერთო ყოველდღიურ საქმეებშიც. დარაზმულობა, მეგობრობა, რუსეთისადმი უანგარო სიყვარული აორმაგებს ჩვენს ძალებს ღირსეული საქციელისა და მაღალი მიღწევებისთვის.
მინდა, გულითადი მადლობა ვუთხრა ყველას საკუთარი თავისა და ჩვენი ქვეყნის რწმენისთვის, შრომისა და მისი შედეგებისთვის. დაე, ნდობა და ურთიერთგაგება მუდამ იყოს ჩვენი თანმხლები.
ძვირფასო მეგობრებო!
2018 წლის დადგომამდე წამები დარჩა. მოვიდა დრო, ერთმანეთს ყველაზე სანატრელი სიტყვები ვუთხრათ, შეცდომები, წყენა ვაპატიოთ, გადავეხვიოთ, სიყვარულში გამოვუტყდეთ, მზრუნველობითა და ყურადღებით გავათბოთ.
დაე, ახალ წელს ყველა ადამიანის, ყველა ოჯახის ცხოვრებაში მოხდეს ცვლილებები უკეთესობისკენ, რათა ყველა ჯანმრთელი იყოს, ბავშვები დაიბადონ და გვახარებდნენ.
გულწრფელად გისურვებთ წარმატებებსა და კეთილდღეობას. მშვიდობა და აყვავება ჩვენს დიდ რუსეთს - საყვარელსა და ერთადერთს!
ბედნიერები იყავით! გილოცავთ დღესასწაულს - ახალ, 2018 წელს!“
მკითხველს შეუძლია, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვას შეადაროს (წაიკითხეთ, ნახეთ და მოისმინეთ „საქინფორმის“ საიტზე რუბრიკაში „რელიგია“ და განყოფილებაში „ვიდეო“) და დარწმუნდეს, რომ თემები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი და ილია მეორე შეეხნენ, ერთმანეთს სრულად დაემთხვა.