პოლიტიკა
დასანანია, რომ მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარების ნაცვლად თბილისი აქტიურად ჩაერთო რუსეთის შეკავების ნატოსეული სტრატეგიის რეალიზაციაში - გრიგორი კარასინი

      საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ისა და კანადის მიერ უკრაინისთვის სასიკვდილო იარაღის მიწოდებაზე, იმაზე, თუ რას ფიქრობენ მოსკოვში დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების შემდგომი ბედის შესახებ, რუსეთის დამოკიდებულებაზე დონბასში მშვიდობისმყოფელთა განთავსების დასავლური ვარიანტის მიმართ, აგრეთვე საქართველოს მილიტარიზაციის მიმართულებით აშშ-ისა და ნატოს ძალისხმევაზე „რია ნოვოსტის“ ინტერვიუში მოუთხრო რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
კერძოდ, ჟურნალისტის შეკითხვაზე - საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და თბილისის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებით ინტენსიური იქნება. ნოემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების „ჯაველინების“ მიყიდვას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უკვე ცხრა წელია, უარს ამბობს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე, არსებობს თუ არა დღეს 2008 წლის მოვლენების განმეორების საფრთხე? - გრიგორი კარასინმა უპასუხა:
„მართლაც, ჟენევის დისკუსიის ბოლო რაუნდზე საქართველოს დელეგაციამ უარყო ძალის გამოუყენებლობის შესახებ მონაწილეთა ერთობლივი განცხადების მორიგი პროექტი. ხაზს ვუსვამთ, რომ ლაპარაკია არა დოკუმენტის ხელმოწერაზე, არამედ მხოლოდ მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაზე. თუმცა, მოხერხდა მოლაპარაკება, რომ მომავალ წელს მასზე მუშაობა გაგრძელდება.
ბუნებრივია, ამ კონტექსტში აშშ-ის და ნატოს სხვა წევრების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის მიმართულებით რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. დასანანია, რომ მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარების ნაცვლად თბილისი აქტიურად ჩაერთო რუსეთის შეკავების ნატოსეული სტრატეგიის რეალიზაციაში. საქართველოს უსაფრთხოებას ეს ნამდვილად არ განამტკიცებს. რაც შეეხება აფხაზ და სამხრეთ ოსეთელ მოკავშირეებს, დღეს ისინი 2008 წლის მოვლენების გამეორებისგან საიმედოდ არიან დაცული. ერთი სიტყვით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის პრობლემისადმი განსხვავებული მიდგომების ბრძოლა გრძელდება“.