საზოგადოება
ირაკლი კობახიძემ სერჟ სარგსიანს მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის

      საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა თბილისში პარლამენტთაშორისი თანამშრომლობისა და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განსაკუთრებული ყურადღება კი ტურიზმის სფეროს დაუთმეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობის კიდევ ერთი დასტურია.
კობახიძემ სარგსიანს მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მძიმე წუთებში სომეხი ერის თანადგომას დიდად აფასებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთის ორმხრივ ურთიერთობაში ბოლო დროს პროგრესი შეინიშნება. მისი თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მაღალი დონის ვიზიტებს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის როლი. მხარეების თქმით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის დინამიკური ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ უახლოეს მომავალში საქართველო და სომხეთი სრულად საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადადიან. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები.
სარგსიანის თქმით, საქართველოსა და სომხეთს, მეზობლობის გარდა, მრავალსაუკუნოვანი კავშირი აქვთ, რაც მხარეებს ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ავალდებულებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს რეფორმების დღის წესრიგი და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. სარგსიანმა, თავის მხრივ, კობახიძე სომხეთში მიიწვია.