აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს უმასპინძლა

      საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარების დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.
„ღრმად პატივცემულო პრეზიდენტო, მოგესალმებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ვიზიტით ჩამოსვლა. პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ მშვიდობა და თქვენს ქვეყანას - სტაბილური განვითარება. მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი აგვირგვინებს წელს, როდესაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილე ვიზეიმეთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობა მრავალსაუკუნოვანია და ყოველთვის იყო ისეთი თბილი და კეთილმეზობლური, როგორიც დღეს არის. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის დინამიკის ზრდას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს.
სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების რწმენა გამოთქვა. „დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტროთბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, მაღალი დონის შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში, რომელიც მუდმივად აღმასვლის მიმართულებით ვითარდება. გასული ათასწლეულების გზა გვავალდებულებს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხების წინაშე, კარგად გავიაროთ ჩვენთვის მონდობილი პერიოდი. ვსარგებლობ შემთხვევით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამდეგ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ მოთმინებას, ოპტიმიზმს, ვინაიდან ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ მოვალენი ვართ, კიდევ უფრო განვვითარდეთ“, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.
მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ვიზიტზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.