სამართალი
დაე, აშშ ჯერჯერობით ნუ აღელდება, მათ მიწაზე შესვლის ბრძანება ჯერ არ მიმიღია! - რამზან კადიროვი

      საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-მა სასანქციე „მაგნიტსკის სიაში“ რუსეთის ხუთი მოქალაქე შეიყვანა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის ჩათვლით. „ადრეც ვამბობდი, მაგრამ განსაკუთრებით გულმავიწყებისთვის გავიმეორებ, რომ აშშ-ში არ ჩავიდოდი, თუნდაც პრიზად ქვეყნის მთელ სავალუტო მარაგს დამპირებოდნენ“, - დაწერა კადიროვმა ინსტაგრამში. მან განმარტა, რომ ვაშინგტონში მისთვის ვერ უპატიებიათ, რომ „მთელი სიცოცხლე უცხოელ ტერორისტებთან ბრძოლას მიუძღვნა, რომელთა შორის ამერიკული სპეცსამსახურების აღზრდილებიც იყვნენ“.
კადიროვმა აღნიშნა, რომ მასთან ჩეჩნეთში ხშირად სტუმრობენ ცნობილი ამერიკელები, რომლებიც სანქციებს ყურადღებას არ აქცევენ: „მთელ მსოფლიოში ცნობილი დიდი ამერიკელები სისტემატურად ჩამოდიან ჩემთან სტუმრად, ცალკეულები კი ჩეჩნეთში დასახლებას გეგმავენ. და თქვენი სანქციები ფეხებზე ჰკიდიათ“.
კადიროვმა, ასევე, აღნიშნა, რომ თუ სანქციები რამენაირად ადამიანის უფლებებს უკავშირდება, ამერიკის სპეცსამსახურებს უჯობთ, ისინი საკუთარ ქვეყანაში მოძებნონ. „რაღა საჭიროა ამ სიისთვის ქვეყნის დასალიერს ხალხის ძებნა, როცა ისინი თეთრ სახლში და პენტაგონში გყავთ? დაგავიწყდათ ინდიელების, მილიონობით აფრიკელი მონის, ჰიროსიმასა და ნაგასაკის მსხვერპლთა, მილიონობით ვიეტნამელის, სოფელ სონგმის, ავღანეთის, ერაყის, ლიბიის, ბელგრადის განადგურება... ჩემი სია აშშ-ის ათასობთ სისხლიან საქმეს მოიცავს“, - დაწერა კადიროვმა.
ამასთან, თავის ინსტაგრამის აქაუნტში კადიროვმა განათავსა ვიდეო სპორტდარბაზიდან, სადაც სოლიდური წონის შტანგის აწევას აპირებდა. ამ ვიდეოში ის აცხადებს, რომ „ამერიკელებს შეუძლიათ, მშვიდად იძინონ“, მას ხომ „აშშ-ის მიწაზე შესვლის ბრძანება ჯერ არ მიუღია“: „ესე იგი, ადამიანთა უფლებებს ვარღვევთ. ეჰ, საბრალო ამერიკელები. ერთი პატარა, მაგრამ ამაყი ჩეჩნეთის რესპუბლიკა მთელ სახელმწიფოს მოსვენებას არ აძლევს! მათ იციან ჩეჩნების ისტორია, თავის დროზე როგორ მიაღწია ცხენზე ამხედრებულმა (საბჭოთა კავშირის გმირმა მავლიდ) ვისაიტოვმა ელბამდე და ამერიკის პრეზიდენტისგან უმაღლესი ჯილდო - „საპატიო ლეგიონის“ ორდენი მიიღო“, - ხაზი გაუსვა კადიროვმა.