პუბლიკაციები
საქინფორმი: 2018 წელი საქართველოში „თავისუფლების წელი“ იქნება (მარგველაშვილის მიხედვით) თუ „დიალოგის წელი“ (კვირიკაშვილის მიხედვით)?

      საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 20 დეკემბერს საახალწლო მიღებაზე მომავალი 2018 წელი ქვეყანაში თავისუფლების წლად გამოაცხადა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის ერთობლივი მიღება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელით ჩატარდა.
თავისუფლების მისაღწევად ჩვენ უნდა კიდევ უფრო გავაღრმაოთ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, კიდევ უფრო მეტად ერთიანი, ინკლუზიური, ჰომოგენური და მომავალზე ორიენტირებული საზოგადოება შევქმნათ. შესაბამისად, პატივცემულო საზოგადოება და პატივცემულო მოქალაქენო, მომავალ წელს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ას წელს ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, მე ვაცხადებ თავისუფლების წლად, იმ წლად, რომელშიც ჩვენ მაქსიმალურად დამოუკიდებლობის შესაძლებლობას ვაქცევთ თავისუფლებად", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა 2017 წლის მიღწევები. წელს ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მთავარი ღირებულებების, ევროპული განვითარების, კეთილდღეობის გაღრმავებისა და ჩვენი დემოკრატიის განმტკიცების გზაზე", ხაზგასმით აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, 25 წლის წინ საქართველო გაერომ აღიარა. ასევე, წელს მრავალ ქვეყანასთან ერთად საზეიმოდ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წლისთავი. ამ მნიშვნელოვან წელს საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ქართული პასპორტი დღეს ევროპაში ვიზის გარეშე მოქმედებს. ეს არის დიდი ნდობა, ერთი მხრივ, ჩვენი პარტნიორების, მეორე მხრივ, ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვანი მიღწევა", აღნიშნა პრეზიდენტმა.
სადღესასწაულო მიღებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, „სემეკის" წარმომადგენლები, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე მიტროპოლიტ შიო და თბილისის მერი კახ კალაძე.
მეორე დღეს, 2017 წლის 21 დეკემბერს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად გამოაცხადა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სურვილი აქვს, გაფართოვდეს საზოგადოების წარმომადგენლების ის წრე, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი.
„2018
წელი მინდა გამოვაცხადო საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩვენ გავაფართოვოთ ის წრე ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი, კრიტიკის მოსმენაც, გათვალისწინება ძალიან ბევრი წინადადების და მეტი ჩართულობა იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი თავი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, ქვეყნის განვითარების პროცესის მონაწილედ. პარლამენტის ჩართულობა ამ მიმართულებით იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მე თხოვნა მაქვს, შევიმუშაოთ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ განვახორციელებთ ამ ნაბიჯებს თქვენთან ერთად“,განაცხადა კვირიკაშვილმა.
და მაინც, როგორი იქნება 2018 წელი საქართველოში? „თავისუფლების წელი“, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გამოაცხადა თუ „დიალოგის წელი“, როგორც პრემიერმა კვირიკაშვილმა გამოაცხადა?!