აქტუალური
რესპონდენტთა 62% უარყოფითად არის განწყობილი სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისადმი, 74% სომხეთის ტერიტორიაზე სოროსის ფონდის აკრძალვას მოითხოვს

      საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. კლუბმა „ხალხის ხმამ“ 2017 წლის ოქტომბერში სომხეთში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მოწოდებული იყო, გამოევლინა სომეხი საზოგადოების დამოკიდებულება ევროკავშირთან პარტნიორობის ახალი შეთანხმების, აგრეთვე, ოჯახური ძალადობისა და სექსუალურ უმცირესობათა დისკრიმინაციის შესახებ კანონების მიმართ. გამოკითხვაში მონაწილეობდა 3300 მოქალაქე, რომელთა 45%-ს ქალები შეადგენდნენ, ხოლო 55%-ს - მამაკაცები.
კლუბის ექსპერტმა წოვინარ კოსტანიანმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არც ისე ბევრია გათვითცნობიერებული ზემოხსენებული კანონებისა და სომხეთი-ევროკავშირის შეთანხმების შესახებ. „რესპონდენტთა 62% უარყოფითად არის განწყობილი სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისადმი, რადგან მათი აზრით, ევროკავშირი სომეხ საზოგადოებას უცხო კანონებს ახვევს თავს. ოჯახური ძალადობისა და სექსუალურ უმცირესობათა დისკრიმინაციის შესახებ კანონების თაობაზე უდიდესმა უმრავლესობამ უარყოფითი აზრი გამოთქვა. პასუხებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ საზოგადოება ამ კანონებს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებას უკავშირებს“.
როგორც კლუბ „ხალხის ხმის“ მეორე წარმომადგენელმა არმან გუკასიანმა აღნიშნა, რესპონდენტთა 34%-ს მიაჩნია, რომ ამ ორი კანონის მიღება ოჯახური ფასეულობების რღვევას გამოიწვევს, 49%-ის აზრით - საზოგადოებაში ამორალურობის გავრცელებას, ხოლო 42%-ის აზრით - კატაკლიზმებს სომხეთის შიგნით. არმან გუკასიანს მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კანონების წამოწევას ცდილობენ, სორისის ფონდი უჭერს მხარს. მან აღნიშნა: „რესპონდენტთა 74%-მა უპასუხა, რომ უარყოფითად არის განწყობილი ფონდის „ღია საზოგადოება - სომხეთი“ საქმიანობის მიმართ. ეს ციფრი ჩვენთვის საფუძვლიანია და ვგეგმავთ სომხეთში სოროსის ფონდთან ბრძოლის კამპანიის დაწყებას, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად“.
კლუბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ იმ მიზნით, რომ სათანადო ორგანოებს მიმართონ, რათა სომხეთის ტერიტორიაზე ფონდის საქმიანობა აიკრძალოს.