პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით 115-ი ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა

      საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, 2024 წელს ე.წ. ბონუსების სისტემა აღარ ამოქმედდება.
ამასთან, ცვლილებები რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავებსაც ეხება. ცვლილებებით საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებიც ფართოვდება და შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით იზრდება.
გარდა ამისა, ის ჩანაწერიც უქმდება, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული ოთხი საკითხის გარდა, კონსტიტუციური პროექტით, პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ტერმინოლოგიური ცვლილებაც ხორციელდება. კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება. პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა, იმის გამო, რომ მას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, უმრავლესობას ვეტოს დაძლევა 13 ოქტომბერს მოუხდა. თავად კონსტიტუცია კი ძალაში 2018 წელს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.

1tv.ge