საზოგადოება
საქართველოს პრემიერისთვის მიუღებელია ერთი გუნდის ფარგლებში „ღია წერილებით“ ურთიერთობა, მითუმეტეს - ისეთი „სენსიტიური თემის“ საჯაროდ განხილვა, როგორიცაა საქართველოს მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება

      საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. „უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერმინისტრისთვის ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა“, - ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრის შოთა შალელაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც მთავრობას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა.
პრემიერმინისტრის თქმით, ასეთ სენსიტიურ საკითხზე უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. „საკითხი არის ძალიან სენსიტიური, ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილის სახით დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. კონკრეტულად რა საქმე ჰქონდათ მასთან სუს-ის წარმომადგენელებს, შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა აღარ დააზუსტა.