სამართალი
„ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რესურსის მოცულობის თვლა დავიწყოთ!“ - შს მინისტრი გიორგი გახარია დროებითი საგანგებო ზომების მიღების და კრიმინალური პოლიციის რეფორმირების აუცილებლობაზე ლაპარაკობს

      საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც შედიან განათლებისა და იუსტიციის სამინისტროები, ასევე პროკურატურა.
კითხვაზე, რა რესურსს წაიღებს საპატრულო პოლიციის სკოლებთან მორიგეობა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს დიდ რესურსს წაიღებს. ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რესურსის მოცულობის თვლა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დროებითი. ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს გახლავთ მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის ზრდა, ამისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მთავარი ამოცანა არის, მანდატურის სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტიან. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, სამწუხაროდ, მისი იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა. ამიტომ სასწრაფოდ, ახლა ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურის ეფექტიანობას. ვიდრე ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და მაქსიმალურ შესაძლებელ რესურსს მოახმარს, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სკოლაში უნდა იყოს მხოლოდ მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაახლოებით ორი კვირით ადრე, სანამ ხორავას ქუჩაზე ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებული იყო გადაწყვეტილება და თბილისში, რამდენიმე სკოლასთან დაწყებული იყო პატრულირება დილის საათებში მძიმე მოძრაობის დარეგულირების მიზნით, ასევე მშობლებისა და ბავშვების დასახმარებლად.
სამწუხაროდ, მაშინ მოხდა ის, რაც მოხდა და ახლა ჩვენ უფრო სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს. შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს მანდატურების სამსახურის ეფექტიანობა და შემდეგ, რა თქმა უნდა, პატრულის როლი აქ შეიცვლება. ჩვენ გვესმის, როდესაც მოქალაქეები ამბობენ, რომ არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ჩვენც ამას ვეთანხმებით. პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც უნდა იმუშაოს პოლიციამ. სკოლაში უნდა იყოს მხოლოდ მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი კომუნიკაცია აწყობილი შესაბამის უწყებებთან შინაგან საქმეთა სამინისტროში. საუბარია მთელი ქვეყნის მანდატურის სამსახურებზე“, - განაცხადა გახარიამ.
კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს უფრო ეფექტიან და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული“, ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარიამ რეფორმირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.