სამართალი
უკრაინული მხარე ჟურნალისტების კიევში შესვლის აკრძალვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის

      საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. კიევში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსთვის ცნობილია იმ ფაქტის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ქართველი ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსა და საკონსულო წარმომადგენლობას, როგორც ელჩის, ასევე კონსულის დონეზე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, კერძოდ, შესაბამის სამსახურებთან.
“უკრაინული მხარე მედიის წარმომადგენლებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას ქვეყანაში შექმნილი უსაფრთხოების გარემოებებიდან გამომდინარე ხსნის. ასევე საელჩო აქტიურ კავშირზეა თავად ქართველ ჟურნალისტებთან, რათა მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესი შეუფერხებლად მოხდეს. კონსული ამ წუთებშიც კიევის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება”, – განუცხადეს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პირველი არხის ჯგუფი – ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი, ოპერატორი ზაზა შუკვანი და ჩართვის ტექნიკოსი ლევან გულბანი კიევში არ შეუშვეს. ასევე არ შეუშვეს სხვა ტელევიზიების გადამღები ჯგუფებიც.
ამასთან, პირველი არხის ერთი გადამღები ჯგუფი, რომელიც უკრაინაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა, კიევში მუშაობას განაგრძობს.