საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. დამატებითი სახსრების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.
პროექტის ფარგლებში ჩუმათელეთი-ხევის ტრასის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის არსებული ორზოლიანი გზა ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთდება. მონაკვეთზე იგეგმება 21 ხიდის, ორი გვირაბისა და რიკოთის გვირაბის კიდევ ერთი ზოლის აგება.
აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასა, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 აზერბაიჯანთან საზღვარზე იწყება და ფოთთან ახლოს მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ავტობანი „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონიის სააგენტოსა (JICA) და ჩინეთის განვითარების ბანკის (CDB) მხარდაჭერით. პროექტის ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
„აღმოსავლეთი-დასავლეთის“ ჩქაროსნული მაგისტრალით საგარეო ტვირთების 60%-ზე მეტი გადაიზიდება. აღნიშნული მაგისტრალის გაუმჯობესებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთან, მეორე მხრივ — თურქეთთან და ევროპასთან.