უცხოეთი
„ყველა დეპუტატმა მშვენივრად იცის, რომ სამხრეთ ოსეთი აღიარებული ქვეყანაა“ - დიმიტრი მედოევი ბრიუსელში იმყოფება

      საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის შენობაში ევროპულ-რუსულ ფორუმს ესწრება. დიმიტრი მედოევი ბრიუსელში დეპუტატ ტატიანა ჟდანოკის მიწვევით ჩავიდა.
შეხვედრაზე რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ კონფლიქტს განიხილავენ. გამომსვლელებმა მოხსენებები რუსულ ენაზე გააკეთა. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სწორედ ევროკავშირი აწარმოებს რუსეთთან მიმართებაში ანტირუსულ პროპაგანდას და საჭიროა, რომ ევროკავშირმა პოლიტიკა შეცვალოს რუსეთთან დაკავშირებით. დიმიტრი მედოევმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილი სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ისე განიხილავს და მისი თქმით, ამას მხოლოდ თბილისში არ აღიარებენ.
„მე აქ მომიწვიეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. ევროპარლამენტის დეპუტატები შეეგუენ რეალობას. ყველა დეპუტატმა მშვენივრად იცის, რომ სამხრეთ ოსეთი აღიარებული ქვეყანაა, ეს ფაქტია, ამას არ აღიარებენ მხოლოდ თბილისში. საქართველოს ნახევარმა იცის, რომ სამხრეთ ოსეთი გამოეყო მას, ამის გაგება არ სურთ პოლიტიკოსებს, მაგრამ ეს მათი პრობლემაა“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.