აქტუალური
საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ნატოსა და ევროპარლამენტში

      საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის მუსტაფა ემრე ჩაბუქის, აფგან მუხტარლისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე.
შეხვედრებზე უჩა ნანუაშვილმა ილაპარაკა ხელისუფლების მხრიდან ომბუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე, განიხილა ასევე  ახალი ომბუდსმენის არჩევის კრიტერიუმები და პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ყოფილმა სახალხო დამცველმა ასევე შეაფასა სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა, მართლმსაჯულების ხარვეზები, საკონსტიტუციო რეფორმა და ქვეყანაში არსებული მედიაგარემო.
უჩა ნანუაშვილმა შეხვედრები გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტ ჰაიდი ჰაუტალასთან, ევროკავშირ–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმთან, ასევე შეხვდა ევროპარლამენტარებს - სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრს ჯორჯ პირინსკის და ანა გომეშს, ევრონესტის თავმჯდომარეს რებეკა ჰარმ და საქართველო–ევროკავშირის დელეგაციის წევრს ტრაიან უნგურიანუს.